ემოციური გამოფიტვა (გადაწვა/burnout) არის ქრონიკული სტრესის შედეგად განვითარებული ფიზიკური, ემოციური და მენტალური გადაღლის მდგომარეობა. აუტიზმის მქონე ბავშვის აღზრდისას ეს ხშირი და ნორმალური რეაქციაა. მდგომარეობის მართვის მთავარი არსი „თვითმფრინავის ჟანგბადის ნიღბის“ პრინციპი - ჯერ საკუთარ თავზე ზრუნვაა საჭირო, რათა შეძლოთ შვილის დახმარება.
გვიანი ღამეა. სახლში სიჩუმეა და თქვენ, როგორც იქნა, შეგიძლიათ დაისვენოთ, მაგრამ ძილის ნაცვლად ფიქრები მოსვენებას არ გაძლევთ.
გონებაში უსასრულოდ ატრიალებთ დღის განმავლობაში მომხდარ სირთულეებს - ბავშვის სენსორულ გადატვირთვას სუპერმარკეტში, გამვლელების დაჟინებულ მზერას და იმ მუდმივ დანაშაულის განცდას, თითქოს ყველაფრის მიუხედავად საკმარისს არ აკეთებთ.
თუ ახლა ამ სტატიას კითხულობთ და გრძნობთ, რომ ზღვარზე ხართ, იცოდეთ - თქვენ მარტო არ ხართ და თქვენი განცდები სრულიად ვალიდურია. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის აღზრდა ძალიან შრომატევადი და დამღლელი საქმეა. კვლევები აჩვენებს, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებს დეპრესიისა და ემოციური გადაწვის მომატებული რისკი აქვთ (PubMed).
ამ სტატიაში გაიგებთ:
- რატომ არის აუტიზმის მქონე ბავშვის მშობლობა განსაკუთრებული სტრესის მატარებელი;
- როგორ ამოიცნოთ ემოციური გამოფიტვის ფარული ნიშნები დროულად;
- რა კონკრეტული და პრაქტიკული ნაბიჯები დაგეხმარებათ ენერგიის აღდგენაში.
რა არის მშობელთა ემოციური გამოფიტვა და რა სიმპტომები აქვს?
მშობელთა ემოციური გამოფიტვა არის მდგომარეობა, როდესაც ხანგრძლივი ზრუნვისა და სტრესის ფონზე, მშობლის რესურსები სრულად იცლება.
ეს არ არის უბრალო დაღლილობა, რომელიც მარტივად გადის. მას ახასიათებს ენერგიის ქრონიკული ნაკლებობა, ემოციური გაუცხოება შვილის მიმართ და საკუთარი თავისა და მოთხოვნილებების სრული უგულებელყოფა.
ჩვეულებრივი ყოველდღიური დაღლილობისგან განსხვავებით, გამოფიტვა სისტემური პრობლემაა, რომელიც მოიცავს ფიზიკურ, ემოციურ, კოგნიტურ და ქცევით სფეროებს. ქვემოთ მოცემულ ცხრილში დეტალურადაა განხილული ის ძირითადი სიმპტომები, რომლებიც ამ მდგომარეობას ახასიათებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა მშობელს ეს სიმპტომები ინდივიდუალურად და განსხვავებული ინტენსივობით უვლინდება.

| კატეგორია | ძირითადი სიმპტომები |
|---|---|
| ფიზიკური | ქრონიკული დაღლილობა, ენერგიის არარსებობა დილიდანვე, თავისა და კუნთების ტკივილი, ძილის დარღვევა (უძილობა ან ზედმეტი ძილი), იმუნიტეტის დაქვეითება. |
| ემოციური | გულგრილობა და აპათია, უიმედობის მუდმივი განცდა, სწრაფი გაღიზიანება წვრილმანებზე, ძლიერი დანაშაულის განცდა და ფიქრები საკუთარ „არასაკმარისობაზე“. |
| კოგნიტური | კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, გადაწყვეტილებების მიღების სირთულე, მეხსიერების გაუარესება, პესიმისტური აზროვნება. |
| ქცევითი | სოციალური იზოლაცია, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან დისტანცირება, საკუთარი საბაზისო საჭიროებების უგულებელყოფა. |
რატომ არის აუტიზმის მქონე ბავშვის აღზრდა განსაკუთრებით გამომფიტავი?
აუტიზმის მქონე ბავშვის აღზრდა მოითხოვს 24-საათიან მზადყოფნას, გაძლიერებულ ყურადღებას და მუდმივ აქტიურ ჩართულობას.
ყოველდღიური სტრესორები, როგორიცაა თერაპიების კოორდინაცია, ფინანსური წნეხი, საზოგადოების მხრიდან არსებული სტიგმა და სენსორული გადატვირთვის მართვა, ქმნის ისეთ გარემოს, სადაც მშობლის ნერვული სისტემა მუდმივად „ბრძოლის ან გაქცევის“ რეჟიმშია.
საქართველოში მშობლებს ხშირად უწევთ არა მხოლოდ საკუთარი შვილის საჭიროებებთან გამკლავება, არამედ საზოგადოების მხრიდან არსებულ არასწორ დამოკიდებულებებთან ბრძოლაც.
საჯარო სივრცეებში ქცევითი სირთულეებისას გამვლელების გაკვირვებული მზერა ან „მეგობრული რჩევები“ კიდევ უფრო ზრდის შფოთვასა და გაღიზიანებას.
ამას ემატება უზარმაზარი ლოჯისტიკური ტვირთი: მშობელი იქცევა პირადი ასისტენტის, ექიმის, ადვოკატისა და თერაპევტის ერთობლიობად. ის მუდმივად არკვევს დეტალებს, როგორიცაა აუტიზმი და ABA თერაპია — როგორ მუშაობს და რა ღირს, გეგმავს ბაღისა თუ სკოლის განრიგს და ცდილობს ფინანსური რესურსების მოძიებას.

გარდა ამისა, არსებობს ღრმა ემოციური შრე - „მოლოდინების გლოვა“. ბევრი მშობელი განიცდის დანაკარგის გრძნობას იმ მომავლის გამო, რომელიც თავისი შვილისთვის წარმოედგინა.
ეს აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია და არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი შვილი ნაკლებად გიყვართ. თქვენ უბრალოდ შეიძლება გიჭირდეთ ადაპტაცია სრულიად ახალ რეალობასთან, რაც უზარმაზარ ემოციურ ძალისხმევას მოითხოვს.
მეცნიერული კვლევებიც ადასტურებს, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მშობლობის სტრესი არ არის მხოლოდ თქვენი წარმოსახვის ნაწილი. ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის მკვლევარების (Seltzer და კოლეგები) მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აუტიზმის მქონე მოზარდებისა და მოზრდილების დედების ორგანიზმში სტრესის ჰორმონის (კორტიზოლის) მაჩვენებლები ფაქტობრივად უტოლდებოდა ბრძოლის ველზე მყოფი ჯარისკაცების ქრონიკული სტრესის მაჩვენებლებს.
აღნიშნული შედეგი მტკიცდება მრავალი სხვა სამეცნიერო პუბლიკაციითაც, რაც ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა ფიზიოლოგიური დატვირთვა მოდის მშობლებზე ყოველდღიურ რეჟიმში.
როგორ ამოვიცნოთ გამოფიტვა დროულად?
დროული ამოცნობა იწყება საკუთარ ემოციებსა და ფიზიკურ მდგომარეობაზე დაკვირვებით.
თუ გამუდმებით გრძნობთ, რომ თითქოს ავტოპილოტზე ხართ, ყველაზე მცირე პრობლემაც კი გაღიზიანებთ და დილით გაღვიძება არ გიხარიათ, ეს გამოფიტვის პირველი ნიშნებია.
პრობლემის დროული აღიარება არ არის სისუსტე - ეს გამოსავლის პოვნის პირველი ნაბიჯია.
გამოფიტვის პრევენციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია იყოთ გულწრფელი საკუთარ თავთან. ზრუნვის პროცესში ჩართული მშობლების თითქმის ნახევარი დროდადრო განიცდის დეპრესიულ სიმპტომებს, ამიტომ ამაზე საუბარი სირცხვილი არ არის. გთავაზობთ მარტივ კითხვარს, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი მდგომარეობის შეფასებაში. დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი შეკითხვები:
- მიჭირს თუ არა დილით ლოგინიდან ადგომა მაშინაც კი, როცა საკმარისად მეძინა?
- ვღიზიანდები თუ არა ჩემს შვილზე, პარტნიორზე ან სხვებზე იმაზე ბევრად მარტივად, ვიდრე ადრე?
- მაქვს თუ არა განცდა, რომ ჩემი ძალისხმევა უშედეგოა და არაფერი შეიცვლება?
- ბოლო ერთი თვის განმავლობაში, გამოვყავი თუ არა დრო მხოლოდ ჩემი სიამოვნებისთვის/იმის გასაკეთებლად, რაც მიყვარს?
- ხშირად მაქვს თუ არა გაქცევის, ყველაფრის მიტოვების სურვილი?
- ვარიდებ თუ არა თავს საუბარს ჩემს წუხილზე იმიტომ, რომ „მაინც ვერ გამიგებენ“?
თუ ამ კითხვების უმეტესობაზე თქვენი პასუხი დადებითია, ეს ნიშნავს, რომ თქვენი მხარდაჭერის სტრატეგიების ამუშავება.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიას: აუტიზმი ბავშვებში — ნიშნები, მიზეზები და რჩევები მშობლებისთვისროგორ ვმართოთ სტრესი და დავიბრუნოთ ენერგია?
სტრესის მართვა არ ნიშნავს პრობლემების გაქრობას, ის გულისხმობს თქვენი რესურსების გონივრულ განაწილებასა და აღდგენას.
უპირველესად, აუცილებელია ფიზიკური საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, პერფექციონიზმზე უარის თქმა და მიკრო-შესვენებების დანერგვა ყოველდღიურ რუტინაში.
გახსოვდეთ „ჟანგბადის ნიღბის“ უმთავრესი პრინციპი: ჯერ ეხმარებით საკუთარ თავს, რათა შემდგომ შეძლოთ თქვენი შვილის ეფექტური დახმარება.
ცენტრში ABA თერაპევტად მუშაობისას არაერთხელ მინახავს, რომ ბავშვის პროგრესი ყველაზე სწრაფი მაშინაა, როდესაც მშობელი ემოციურად სტაბილურია და შეუძლია თერაპიული პროცესის მიყოლა და სახლში ABA-ს პრინციპების იმპლემენტაცია.
სწორედ ამიტომ, თქვენი კეთილდღეობა და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნა, პირდაპირ კავშირშია თქვენი შვილის განვითარებასთან. ქვემოთ მოცემულია სტრატეგიები, რომლებიც დაგეხმარებათ დაძაბულობის განმუხტვაში:
საბაზისო მოთხოვნილებები პირველ ადგილზე
როდესაც კრიზისულ რეჟიმში ვართ, პირველი რასაც ვთმობთ, ჩვენი ძილი და კვებაა. დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით: ეცადეთ ყოველდღიურად დალიოთ საკმარისი რაოდენობის წყალი, მიიღოთ სრულფასოვანი საკვები და გამონახოთ დრო მსუბუქი ფიზიკური აქტივობისთვის, თუნდაც ეს იყოს მხოლოდ 10-წუთიანი გაწელვები დილით. დაღლილი სხეულით სტრესთან ბრძოლა შეუძლებელია.
„უარის თქმის“ უფლება და პერფექციონიზმის შემცირება
თქვენ არ ხართ ვალდებული დაესწროთ ყველა ოჯახურ შეკრებას ან დააკმაყოფილოთ საზოგადოების მოლოდინები იდეალური სახლის შესახებ. მიეცით საკუთარ თავს უფლება, თქვათ „არა“ იმ აქტივობებზე, რომლებიც დამატებით ენერგიას გართმევთ.
შეამცირეთ მოთხოვნები საკუთარი თავის მიმართ - დააფასეთ ის, რასაც უკვე აკეთებთ და შეაქეთ თქვენი თავი ამის გამო. შეიძლება ფიქრობდეთ რომ ეს თქვენი მოვალეობაა და ისედაც ასე უნდა აკეთებდეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავთან პოზიტიური საუბარი (positive self-talk) ყოველდღიურ გამოწვევებთან დაკავშირებით აუმჯობესებს ემოციურ რეგულაციას, ამცირებს სტრესსა და აუმჯობესებს ფოკუსირების ხარისხს (PMC).
ამიტომ, როგორც საუკეთესო მეგობარს შეაქებდით დამღლელი დღის შემდეგ, ისევე შეაქეთ თქვენი თავი.
კონკრეტული თხოვნა კონკრეტულ ადამიანს
ხშირად მშობლები ელიან, რომ სხვები თავად მიხვდებიან მათ გაჭირვებას, მაგრამ ეს იშვიათად ხდება.
ზოგადი წუწუნი ან მინიშნებები არ მუშაობს. ისწავლეთ კონკრეტული დახმარების თხოვნა. ნაცვლად ფრაზისა: „მეტი აღარ შემიძლია“, უთხარით ოჯახის წევრს ან მეგობარს: „შეგიძლია შაბათს, დილის 11 საათიდან 1-მდე ბავშვს მიხედო, რომ დავიძინო?“.
კონკრეტული თხოვნა ყოველთვის უფრო ეფექტურ შედეგს იძლევა.
პატარა შესვენებები ყოველდღიურობაში
დანერგეთ დღეში 15-20 წუთიანი „ხელშეუხებელი“ დრო მხოლოდ თქვენთვის.
ამ დროს გააკეთეთ ის, რაც არ უკავშირდება ზრუნვას - დალიეთ ყავა სიჩუმეში, მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას ან უბრალოდ ფანჯრიდან გაიხედეთ.
ამ აქტივობის კეთების დროს შეეცადეთ აწმყო მომენტში დარჩეთ - დააკვირდით თქვენს გულისცემას, სუნთქვას, სხეულის პოზას, სუნს, რას ხედავთ, გემოს - ანუ, მაქსიმალურად ნაკლები იფიქროთ წარსულზე/მომავალზე და დარჩეთ აწმყოში.
ეს მიკრო-შესვენებები ტვინს ეხმარება სტრესის ციკლის გაწყვეტაში.

მშობელთა მხარდამჭერი ჯგუფები
სოციალური იზოლაცია გამოფიტვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
მოძებნეთ მშობელთა მხარდამჭერი ჯგუფები (მათ შორის ონლაინ, ქართულენოვან სივრცეში არსებული Facebook ჯგუფები). იმის მოსმენა და დანახვა, რომ სხვა მშობლებიც ზუსტად იგივე სირთულეებს გადიან, მკვეთრად ამცირებს მარტოობისა და დანაშაულის განცდას.
გამოცდილების გაზიარება ფასდაუდებელი თერაპიული პროცესია.
მოკლე რელაქსაციის ტექნიკა (5-4-3-2-1)
როდესაც გრძნობთ, რომ შფოთვა პიკს აღწევს, გამოიყენეთ დამიწების ტექნიკა.
შეჩერდით და მოძებნეთ გარემოში:
- 5 ნივთი, რომელსაც ხედავთ;
- 4 რამ, რასაც ფიზიკურად ეხებით (მაგალითად, სკამის ფაქტურა);
- 3 ხმა, რომელსაც ესწრებით;
- 2 სუნი, რომელსაც შეიგრძნობთ;
- და 1 რამ, რისი გემოც შეგიძლიათ იგრძნოთ.
ეს მარტივი ნაბიჯები დაუყოვნებლივ აბრუნებს ნერვულ სისტემას აწმყო მომენტში და ამცირებს შფოთვის დონეს.
წყვილში პასუხისმგებლობების სამართლიანი გადანაწილება
თუ პარტნიორთან ერთად ზრდით ბავშვს, აუცილებელია ღია კომუნიკაცია და ე.წ. co-parenting (ბავშვის თანაბარი აღზრდის) სტრატეგიის გამოყენება.
გარდა იმისა, რომ ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ორივე მშობელთან დროის აქტიური გატარება, ბავშვის თანაბარი აღზრდა, ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღი ოჯახური გარემოს შესანარჩუნებლადაც.
თუ ერთ მშობელზე მოდის ბავშვის აღზრდის სრული დატვირთვა, რაც როგორც ვნახეთ ძალიან რთულია (როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად და კოგნიტურადაც), შეიძლება გაჩნდეს დაუფასებლობის, ნაკლებად ჩართულობის განცდა მშობელში. და გამოიწვიოს ოჯახური უთანხმოებები.
ამიტომ პარტნიორული მხარდაჭერა და ჩართულება აუცილებელია, როგორც ბავშვისთვის, ისე დადებითი ოჯახური გარემოს შესანარჩუნებლად.
როდის უნდა მივმართოთ ფსიქოლოგს?

ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან მიმართვა აუცილებელია, როდესაც სტრესი რადიკალურად ხელს გიშლით ყოველდღიურ ფუნქციონირებაში და დამოუკიდებლად ვეღარ უმკლავდებით მძიმე ნეგატიურ ფიქრებს.
ქრონიკული უძილობა, მუდმივი უიმედობისა და აპათიის განცდა, პანიკური შეტევები ან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების აზრები არის ის კრიტიკული მაჩვენებლები, რომლებიც პროფესიონალის დაუყოვნებლივ ჩართვას მოითხოვს.
ფსიქოლოგიური დახმარების ძიება არ ნიშნავს, რომ თქვენ „სუსტი“ ხართ ან დამარცხდით, ან რომ „მშობლობა არ გამოგდით“.
პირიქით, ეს მიუთითებს თქვენს პასუხისმგებლობაზე საკუთარი თავისა და ოჯახის წინაშე.
თერაპევტი დაგეხმარებათ უსაფრთხო სივრცეში გამოხატოთ ის რთული ემოციები, რომელთა გაზიარებაც ახლობლებთან გიჭირთ. ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციაც (APA) ხაზს უსვამს, რომ ქრონიკული სტრესის მართვის პროცესში პროფესიონალური ჩარევა ხშირად გარდამტეხ როლს ასრულებს.
