მშობლებისთვის ძალიან გულსატკენია, როდესაც მათი აუტისტური სპექტრის მქონე შვილი არც კი იმჩნევს სხვა ბავშვის ცრემლებს, ან თვითონ მშობლის დარდს, ემოციებსა და სირთულეებს.

შეიძლება გაჩნდეს კითხვა:

ჩემი შვილი ჩემზე ან სხვაზე ღელავს?

აქვს თუ არა საერთოდ ემპათიის უნარი?

ათწლეულების განმავლობაში გავრცელებული იყო აზრი, რომ აუტისტ ადამიანებს ემპათია აკლიათ, თუმცა თანამედროვე კვლევებმა ბევრი საინტერესო და მოულოდნელი რამ დაგვანახა. მოკლე პასუხი ასეთია: აუტისტ ბავშვებს ემპათია აქვთ, უბრალოდ ხშირად სხვაგვარად გამოხატავენ.

აღნიშნულ სტატიაში ჩვენ გავარჩევთ: რა არის ემპათიის უნარი, აქვთ თუ არა სპექტრზე მყოფ ბავშვებს ემპათია, და რა შეუძლია მშობელს ქნას შვილის დასახმარებლად და ამ უნარის გასაძლიერებლად.


ემპათია - უნარი გაიგო სხვისი ემოციები, წარმოიდგინო თავი სხვების ადგილას და თავადაც გაიზიარო მათი ემოციები.

ემპათია გვეხმარება დავამყაროთ სოციალური კავშირები, დავარეგულიროთ საკუთარი ემოციები, და ნაცვლად აგრესიისა მშვიდად გადავჭრათ პრობლემები.

ფსიქოლოგიაში ხშირად ემპათიის სამ ფორმას გამოყოფენ:

  • კოგნიტური ემპათია - სხვების მენტალური მდგომარეობის გაგების უნარი - გაიგო/ჩასწვდე სხვების ემოციურ მდგომარეობას.
  • აფექტური ემპათია - სხვების ემოციების განცდა და მათზე სათანადო ემოციური პასუხის გაცემა
  • სომატური ემპათია - სხვა ადამიანის ფიზიკური მდგომარეობის გაგების/გაზიარების უნარი.

    (მაგალითად პრეზენტაციისას თანაკლასელს სიტყვა შეეშალა და გაწითლდა, ამის გამო შეიძლება ჩვენც გავწითლდეთ).

აქვთ აუტისტ ბავშვებს ემპათიის უნარი?

დიახ, აუტისტ ბავშვებს აქვთ ემპათიის უნარი და ზოგჯერ უფრო მძაფრად განიცდიან ემოციებს, ვიდრე ნეიროტიპური ადამიანები,

მაგრამ მათ უჭირთ ამ ემოციებზე რეაგირება და ისე მოქცევა, როგორც სოციალური ნორმებითაა განსაზღვრული.

განსაკუთრებით სირთულეებს ვხვდებით კოგნიტური ემპათიის შემთხვევაში, ხოლო ემოციური ემპათია, კვლევების მიხედვით, ხშირად შენარჩუნებულია.

ზოგი კვლევა აჩვენებს, რომ ემპათიის სირთულეები შეიძლება არა თავად აუტიზმს, არამედ ალექსითიმიას უკავშირდებოდეს - საკუთარი ემოციების ამოცნობისა და სიტყვებით გამოხატვის სირთულეს, რომელიც ბევრ აუტისტ ადამიანს აქვს.

როგორ გავიგო რას გრძნობს ჩემი შვილი?

გაუგებრობა, რომელიც წარმოიქმნება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვსა და ნეიროტიპურ ადამიანებს შორის - კომუნიკაციისა და ურთიერთობის ორმხრივი პრობლემაა.

დემიენ მილტონის (Milton, 2012) „ორმაგი ემპათიის პრობლემის“ მიხედვით:

როგორც სპექტრზე მყოფ ბავშვებს უჭირთ ტიპური განვითარების ადამიანების ემოციებისა და მდგომარეობის გაგება

ასევე, ნეიროტიპურ ადამიანებს უჭირთ სპექტრზე მყოფების ემოციების გაგება - თუ რა ხდება პატარას სამყაროში, როგორ გამოხატავს ის ემოციებს და რას განიცდის.

ხშირად, მშობლები განიცდიან წნეხს საზოგადოებისგან, სურთ რომ თავიანთი შვილი ისე მოიქცეს, როგორც მიღებულია და მოერგოს ყველა დაწესებულ ჩარჩოს. აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს ხშირად ურჩევნიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია, რადგან უკეთ ესმით ერთმანეთის და ნაკლებ დისტრესს განიცდიან.

როგორ გამოხატავენ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები ემპათიას?

ბავშვებმა ემპათიურობა შეიძლება ჩვენთვის შეუმჩნეველი გზებით გამოხატონ:

  • მხარდაჭერის გამოხატვა არავერბალურად, მაგალითად საყვარელი სათამაშოს მოცემით ან ნაზი შეხებით.
  • სხვების ემოციურ წუხილზე ძლიერი ემოციური რეაგირებით.
  • დასწავლილი კომუნიკაციის ტიპების გამოყენება, მაგალითად ემოციების ამსახველი ბარათების ჩვენება
  • თბილი ქმედებებით ნაცნობ გარემოში.
ემპათიური ქცევანეიროტიპური ბავშვიაუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი
პასუხი დისტრესზევერბალური გზით დამშვიდებაარავერბალური ქცევა, ფიზიკური შეხება
ემოციების აღქმასპონტანურად ხდებასაჭიროებს წინასწარ დასწავლას, ვიზუალურ მიმანიშნებლებს
პროსოციალური ქცევებინებისმიერ გარემოშინაცნობ, სტრუქტურიზებულ გარემოში
ბავშვი დედას სათამაშო ბაჭიას აწვდის - ემპათიის არავერბალური გამოხატვა

როგორ განვავითაროთ აუტისტ ბავშვში ემპათიურობის უნარი?

პირველ რიგში - თქვენ უნდა იყოთ ემპათიურები

ანუ

მომთმენები, გამგებები, გულწრფელად უნდა ესაუბროთ ბავშვს თქვენს პრობლემებზე, მის პრობლემებზე და ა.შ.

ჩვენ ვიცით რომ ეს რთულია, რიგ შემთხვევაში შეიძლება მოგდიოდეთ აზრი, რომ ეს არაფრის მომცემია და დროის უაზრო კარგვაა, მაგრამ:

გთხოვთ, თუ ამ სტატიიდან 1 რამეს დაიმახსოვრებთ - დაიმახსოვრეთ რომ გულწრფელი და გულღია საუბარი, მათი სიხარულისა და დარდის გაზიარება და თქვენის მოყოლა - ნამდვილად მუშაობს და აძლიერებს კავშირს 2 ადამიანს შორის და ავითარებს იმ უნარებს რომელთა დეფიციტიც აქვთ ბავშვებს.

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები მნიშვნელოვანწილად სწავლობენ გარშემომყოფთა ქმედებებზე დაკვირვებით. როდესაც ანუგეშებთ მეგობარს ან გამოხატავთ მზრუნველობას, აუცილებელია, სიტყვიერად ახსნათ, რას აკეთებთ. ეს გამჭვირვალობა ბავშვს საშუალებას აძლევს, დააკავშიროს თქვენი გარეგანი ქმედებები ემპათიის შინაგან განცდასთან, რაც აბსტრაქტულ და რთულ კონცეფციას უფრო კონკრეტულს ხდის პირდაპირი დაკვირვების გზით.

როგორ ვასწავლოთ ემოციების ამოცნობა ბავშვებს?

მშობლებს შეუძლიათ გამოიყენონ სურათებიანი ბარათები, რომლებზეც სხვადასხვა ტიპის ემოცია იქნება გამოხატული, რათა დაეხმარონ ბავშვებს სხვადასხვა სახის გამომეტყველების ამოცნობაში.

ემოციების ამოცნობის სწავლება ფუნდამენტურია, რადგან ის ბავშვებს საშუალებას აძლევს, დააკავშირონ კონკრეტული სახის გამომეტყველება და სხეულის ენა შინაგან გრძნობებთან. ემოციების გაგება ემპათიური პროცესის პირველი ბარიერია.

მამა და ბავშვი მაგიდასთან ემოციების ამსახველ ბარათებს ათვალიერებენ

როგორ ვეთამაშო აუტისტ ბავშვს?

ჯგუფური აქტივობები, როგორიცაა გუნდური სპორტი, სამაგიდო თამაშები ან ერთობლივი ხელოვნების პროექტები მოითხოვს, რომ ბავშვებმა გაითვალისწინონ თავიანთი თანატოლების საჭიროებები და სურვილები.

ეს ურთიერთობები ავითარებს სხვების ემოციების აღქმის უნარს, რომლის განვითარებაც იზოლაციაში/ცალკე ძნელია.

ჯგუფური დინამიკის მეშვეობით ბავშვები სწავლობენ თავიანთი ქცევის კორექტირებას ჯგუფის საერთო მიზნებიდან გამომდინარე.

კოოპერატიული თამაში ქმნის ბუნებრივ შესაძლებლობებს ბავშვებისთვის, რომ საერთო გამოცდილების საფუძველზე ივარჯიშონ რიგის დაცვაში, კომპრომისსა და სხვების თვალსაზრისის გაგებაში.

რატომ არის მნიშვნელოვანი როლური თამაშები?

სხვადასხვა სცენარის როლური თამაში ბავშვებს საშუალებას აძლევს, თავიანთთვის უსაფრთხო გარემოში გაითამაშონ სხვადასხვა სიტუაცია და განიხილონ მასთან დაკავშირებული გრძნობები.

მაგალითისთვის: მშობელს შეუძლია ბავშვთან ერთად გაითამაშოს შემდეგი სიტუაცია:

თქვენ კარგავთ საყვარელ სათამაშო ბაჭიას, და სთხოვთ ბავშვს დაგეხმაროთ მოძებნაში. ძიებისას მნიშვნელოვანია გამოხატოთ ემოციები: მოწყენილი სახე, სევდიანი ხმა, იმის ხაზგასმა რომ საყვარელი სათამაშოს დაკარგვამ გაგანაწყენათ.

პროცესში აუცილებელია ბავშვი წაახალისოთ დასახმარებლად, გაახმოვანოთ ემოციები და მას შემდეგ, რაც სათამაშოს მოძებნაში დაგეხმარებათ შეაქოთ ღიმილიანი სახით.

განსჯისგან თავისუფალი გარემო და ქცევის წახალისება ყველა შემთხვევაში მთავარი კომპონენტებია, რადგან ეს ბავშვებს საშუალებას აძლევს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ემოციები, შეიყვარონ საკუთარი თავი, გაუჩნდეთ მოტივაცია და ინტერესი სხვების ემოციების გასაგებად და დასახმარებლად.

როგორ განვუვითაროთ ბავშვს ემპათიის უნარი?

და-ძმების დახმარების, შინაური ცხოველების გამოკვების ან საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის შესაძლებლობების მიცემა აძლიერებს სხვების საჭიროებებისა და გრძნობების გათვალისწინების მნიშვნელობას.

სხვისი დახმარების წახალისება ბავშვს საშუალებას აძლევს, დაინახოს თავისი ქცევის რეალური შედეგები.

როდესაც ბავშვი ხედავს, რომ მისი ქმედება (მაგალითად, ცხოველის გამოკვება) სხვა ცოცხალი არსებისთვის დადებით შედეგს იძლევა, ეს აძლიერებს საკუთარი თავის რწმენას, თავდაჯერებულს ხდის ბავშვს, რომ იყოს ემპათიური და მზრუნველი.

მედიისა და წიგნების მნიშვნელობა ემპათიურობის გაზრდაში

წიგნები და მედია არის შესანიშნავი საშუალება იმისათვის, რომ ბავშვს დავეხმაროთ ემოციების გაგებაში - კითხვის ან ფილმის ყურებისას, მშობელს შეუძლია ბავშვს დაუსვას კითხვები პერსონაჟის ემოციებთან დაკავშირებით, სთხოვოს მის ადგილას წარმოიდგინოს თავი და დაუსვას კითხვა „შენ როგორ მოიქცეოდი ამ შემთხვევაში?“, „შენი აზრით რას გრძნობს ის?“

გამოყენებული ინფორმაცია: